თბილისი (GBC) - „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) მეშვიდე დაჯილდოების ცერემონიაზე 2025 წლის კონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიაში გამოვლინდნენ:
მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორია
საპატიო ჯილდო: ბაზისბანკი
საუკეთესო მდგრადობის ანგარიში: სს მიკრობანკი კრისტალი
გამარჯვებული: სს საქართველოს ბანკი
მსხვილი არასაფინანსო კომპანიების კატეგორია
საპატიო ჯილდო: თეგეტა მოტორსი
საუკეთესო მდგრადობის ანგარიში: სს თელასი
გამარჯვებული: სს სილქნეტი
მცირე და საშუალო კომპანიების კატეგორია
საპატიო ჯილდო: სს მიკრობანკი MBC
საუკეთესო მდგრადობის ანგარიში: ლისი დეველოპმენტი
გამარჯვებული: თიბისი ლიზინგი
BARTA-ს ჯილდო მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რასაც შედეგად უფრო მეტად გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვება.
წლევანდელი ღონისძიების ორგანიზატორი BARTA-ს კომიტეტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის და ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის დაინტერესებულ მხარეთა ფონდის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ღონისძიების მხარდამჭერები მსოფლიო ბანკი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია არიან.
როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, წლების განმავლობაში კონკურსმა აჩვენა, რომ გამჭვირვალობა არ არის ფორმალური მოთხოვნა.
„ეს არის არჩევანი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის რეპუტაციას, მდგრადობასა და გრძელვადიან წარმატებას. სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე იზრდება წარმოდგენილი ანგარიშგებების სიღრმე და ხარისხი. ხარისხიანი წლიური ანგარიში ინვესტორებსა და საზოგადოებას აძლევს არა მხოლოდ ფინანსურ სურათს, არამედ პასუხს კითხვებზე, როგორ იმართება კომპანია, როგორ აფასებს რისკებს, როგორ უყურებს მომავალს და როგორ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას გარემოსა და საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სების პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკსა და ევროკავშირს, რომელთა მხარდაჭერითაც ეს ინიციატივა დაინერგა საქართველოში და რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კონკურსის ინსტიტუციურ გაძლიერებაში.
დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილმა, საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია „შესაბამისობის მიღმა: კორპორაციული ანგარიშგების ხარისხის ამაღლება მმართველობისა და მდგრადობის მიმართულებით“, რომელშიც სების პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე მონაწილეობდა.
BARTA-ს პროგრამა ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების გაუმჯობესების მხარდაჭერით ოპერირებს. პროექტის განვითარებას ვენაში მდებარე მსოფლიო ბანკის ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი უზრუნველყოფს. მისი თანადამფინანსებლები ავსტრიის ფინანსთა სამინისტრო, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნო და ავსტრიის განვითარების სააგენტო არიან.
კონკურსი 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის „ფინანსური ჩართულობა და ანგარიშვალდებულება“ ფარგლებში შეიქმნა.