თბილისი (GBC) - Georgia Capital PLC-ის (GCAP) CEO-მ და თავმჯდომარემ ირაკლი გილაურმა 2025 წელს შესრულებული სამუშაოსთვის 190,907 ცალი აქცია მიიღო (ნომინალური ღირებულებით £0.01 თითოეული) და მის საკუთრებაში არსებული ჯამური აქციების რაოდენობამ 2,693,330 შეადგინა.
აღნიშნული გადავადებული აქციების განაღდებას გილაური ეტაპობრივად, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 20-20%-იანი პორციებით შეძლებს (მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 წელს).
აქციები მას ბირჟის მიღმა, 6 იანვარს გადაეცა. ცოტა ადრე, 17-19 დეკემბერს გილაურმა თავისი კუთვნილი აქციებიდან 135,000 აქცია გაყიდა, ჯამური ღირებულებით £4,047,000.
გაყიდვის შემდგომ კი მას ჯამში 2,502,423 ჩვეულებრივი აქცია დარჩა, როგორც განაღდებული, ისე გადავადებული აქციების სახით.
GCAP-ის ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარის, ნილ ჯანინის ზაფხულში გაკეთებული განცხადების შესაბამისად, მათი მოწოდების შესაბამისად, გილაურის მიერ აქციების გაყიდვის შემდეგ და 2025 წლის სახელფასო აქციების მინიჭების შემდეგ, გილაურს დაახლოებით 2.7 მლნ აქცია უნდა ჰქონოდა.
ზაფხულის გეგმის მიხედვით, მას საკუთარი აქციების 20% უნდა გაეყიდა.
გილაურმა აგვისტოს დასაწყისში დაადასტურა, რომ გეგმავს დროთა განმავლობაში გაყიდოს მაქსიმუმ 625,000 Georgia Capital-ის აქცია, ამ დროისთვის კი მის მიერ გაყიდული აქციების ჯამურმა რაოდენობამ 624,080 შეადგინა.
მან პირდაპირი ფლობით დაკავებული აქციების ნაწილი პირველად 22 აგვისტოს გაყიდა და წილი 5.6%-დან 4.95%-მდე შეიმცირა. შემდგომ 26-28 აგვისტოს, მან 165,785 ჩვეულებრივი აქცია გაყიდა და £3,711,796.75 შემოსავალი მიიღო.
აგვისტოს დასაწყისში გილაური ფლობდა საერთო ჯამში 3,126,503 აქციას, რომელთაგან 2,131,709 აქცია მის საკუთრებაში იყო პირდაპირ და 994,794 აქცია კი გადავადებული ფორმით (ჯამში, ჯგუფის 5.6%). აგვისტოში რამდენიმე ტრანზაქციის შემდეგ კი ( ბოლო, 26-28 აგვისტოს), მის საკუთრებაში 2,637,423 ჩვეულებრივი აქცია დარჩა, აქედან 1,642,629 პირდაპირი ფორმით, გადავადებული კი უცვლელად. დეკემბრამდე მას სხვა ტრანზაქცია არ განუხორციელებია.