თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.8% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.33 პ.პ.-ით აისახა. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9%);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.32 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.1%), ზეთი და ცხიმი (1.7%), პური და პურპროდუქტები (1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.4%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.3%), თევზეული (0.2%). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.09 პ.პ. შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.6%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (0.6%).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.57 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (21.2%), ხილი და ყურძენი (13.4%), პური და პურპროდუქტები (9.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6%), ზეთი და ცხიმი (7.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (4.9%), რძე, ყველი და კვერცხი (4.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.8%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1%);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.49 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (7.3%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.7%);
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რაც 0.48 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (58.1%), დაზღვევა (8.5%), პირადი ჰიგიენა (4.3%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2%-ით, რაც 0.39 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები გაზრდილია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.6%).