თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას მოუწოდებს, აშშ-დან შეიარაღების მიწოდების შესაძლო შეჩერების ან შეზღუდვის სცენარისთვის მოემზადონ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ვაშინგტონიდან მსგავსი ოფიციალური სიგნალი არ მიღებულა, ზელენსკი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მომავალი რისკების დივერსიფიკაციას და საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებას.

„ჯერჯერობით ასეთი სიგნალი არ გვაქვს, რომ შეიძლება შეწყდეს იარაღის მიწოდება PURL-ის (მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ - რედ.) მეშვეობით.

ჯერ კიდევ 2023 წელს ჩავატარეთ „სტავკა“ (უმაღლესი სარდლობის შტაბი) და მაშინ ვუთხარი ჩვენს სამხედროებს, რომ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ აშშ-დან დახმარება შეიძლება შეწყდეს ან იყოს შეზღუდული და არა უფასო. ჩვენ უნდა მოვახდინოთ მიწოდების დივერსიფიკაცია და შევამციროთ ამა თუ იმ დეფიციტური იარაღის, ჭურვებისა და სხვათა ხარჯვა. ასევე ვამბობდი, დაგვეწყო მზადება იმისთვის, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ისეც მოხდეს, რომ უკრაინას იარაღი ფულის სანაცვლოდაც კი არ მისცენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, მას შემდეგ უკრაინამ აქცენტი საარტილერიო ჭურვების ნაცვლად დრონების წარმოებაზე გადაიტანა.

მან ასევე აღნიშნა, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტები ყოველთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.

„ახლა ომია ახლო აღმოსავლეთში, შემდეგ შეიძლება სხვა მიზეზი გაჩნდეს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი დამოუკიდებელი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი (სსკ) ყველა ასპექტში. პრინციპში, ამას ვაკეთებთ კიდეც. ანტიბალისტიკური რაკეტების დეფიციტი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიმუშაოთ საკუთრის შექმნაზე, ან პარტნიორებთან ერთობლივ წარმოებაზე. შესაბამისი იდეები არსებობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ტრამპი ევროპელ მოკავშირეებს დაემუქრა უკრაინისთვის PURL პროგრამით იარაღის მიწოდების შეწყვეტით, თუ ისინი არ შეუერთდებიან ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციას.

მოგვიანებით, ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ ვიტაკერმა განაცხადა, რომ ტრამპი გადააფასებს არა მხოლოდ ქვეყნის წევრობას ალიანსში, არამედ უკრაინაში ევროპული ძალისხმევის მხარდაჭერასაც.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 28 მარტს განაცხადა, რომ აშშ არ ახდენს ნატოს ქვეყნების მიერ უკრაინისთვის შესყიდული იარაღის გადამისამართებას ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა.