თბილისი (GBC) – აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანში მართავს მოლაპარაკებებს. ეს უკიდურესად აშფოთებს რუსეთს. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ვაშინგტონის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მიღმა დგას სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ტრადიციული გავლენების შემცირების და რეგიონის აშშ–ის გავლენის სფეროდ გარდასახვის მცდელობა. შეშფოთებულ რუსეთში აღნიშნავენ, რომ აშშ სამხრეთ კავკასიაში თავისი პოლიტიკის ახალ პრიორიტეტებს ნიშნავს. როგორც რუსი ექსპერტები ამბობენ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები საკვანძო გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ატარებენ და სწორედ ამაში ჩანს ამერიკელების ქმედებების ლოგიკა. ასევე აღნიშნავენ, რომ ნატოს სამხრეთის ფლანგზე თურქეთის როლი გაძლიერდება.

ამასობაში, სომხეთის პრემიერ–მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ ვიცე–პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ სომხეთის ენერგეტიკაში $9 მლრდ–ის ინვესტიციას განახორციელებს და ქვეყანას მცირე მოდულურ რეაქტორებს მიაწვდის.

ვენსმა ისიც დასძინა, რომ სომხეთმა და აშშ–მა ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი – „შეთანხმება 123“. „ეს სომხურ და ამერიკულ კომპანიებს სამომავლო პროგრამების რეალიზაციის კარს გაუღებს. საუბარია თავდაპირველ ინვესტიციაზე $5 მილიარდის მოცულობით, შემდგომ კიდევ $4 მილიარდზე“, – თქვა ჯეი დი ვენსმა.

აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი ერევანში 9 თებერვალს ჩავიდა, სადაც ნიკოლ ფაშინიანთან გამართა მოლაპარაკებები. დღეს, 10 თებერვალს, იგი აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართავს მოლაპარაკებებს. ჯეი დი ვენსის კავკასიური ტურნე, რომელიც საქართველოში სტუმრობას არ მოიცავს, „ტრამპის მარშრუტის“ მასშტაბური პროექტის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დაიგეგმა.