თბილისი (GBC) – მოსკოვური „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის „ტრფობის“ პერიოდი დასრულდა. ეს უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების და მართვის მოწმობების გაცემის ცენტრების დახურვას.
გამოცემის ცნობით, რუსეთმა თავისი ეს გადაწყვეტილება აფხაზი ე.წ. დეპუტატების პოზიციით ახსნა, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს „შიდა საქმეებში მოსკოვის ჩარევის გამო“.
ამასთან, გაზეთის მონაცემებით, აფხაზეთში მცხოვრები 243 ათასი ადამიანიდან 190 ათასს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს–ს ცნობით, მოსკოვის ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის შიდა პასპორტის მისაღებად აფხაზებს რუსეთში მოუწევთ ჩასვლა. როგორც გაზეთის სტატიაშია ნათქვამი, რუსეთის გადაწყვეტილებას „არ შეიძლება ეწოდოს რუსეთის წარმატებული პოლიტიკა აფხაზეთის მიმართულებით“.
აფხაზეთში კრემლის ამ გადაწყვეტილებას ასე აღიქვამენ: „არ გინდათ რუსული პასპორტები – დაიტოვეთ მხოლოდ აფხაზური, რომელსაც მსოფლიოში არავინ აღიარებს“. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთის ყოფნა აფხაზეთში ადგილობრივ მოსახლეობას სულ უფრო მეტ კითხვას უჩენს.
ე.წ. შსს–ს მონაცემებით, ამ დროისთვის რუსული მართვის მოწმობის მიღებაზე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები 19 140 ადამიანის განაცხადია რეგისტრირებული, ხოლო დამზადებულია 18 050 რუსული მართვის მოწმობა.
ე.წ. უწყებაში იმასაც აზუსტებენ, რომ 1–ლი აპრილიდან რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვეღარ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალებების მართვას ე.წ. აფხაზური მართვის მოწმობებით.
რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია მოახდინა. კრემლის შეიარაღებული ძალები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ ორ რეგიონს.