თბილისი (GBC) - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობენ.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი X-ზე წერს, რომ 2008 წლის შეჭრის შემდეგ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ ოკუპირებული რჩება.

„ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, - აცხადებს ვალტონენი.

საქართველოსადმი მხარდამჭერი განცხადება გავრცელდა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელითაც. უწყება ხაზს უსვამს, რომ ლატვია კვლავ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ.

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მე-18 წლისთავზე, ლატვია ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟეც:

„რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან 18 წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა. ლატვია ამას არასდროს აღიარებს და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, - წერს ბრაჟე.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის 1 045 სამხედრო მოსამსახურეა.

დღეს საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. რუსეთის ფედერაცია განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას: ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, ასევე აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

ომის შეწყვეტის შემდეგ მალევე რუსეთმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.