თბილისი (GBC) - პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ თვითმფრინავის ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში „მოტაცებით ჩამოიყვანეს“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. ამის შესახებ მან დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმე, „მტკვარი ჰესი“ განიხილება.
„ყველა ნორმის დარღვევით, თავზე მეშოკწამოფარებული, მე უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის და ქართული სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთილი და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაციას, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი - ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს“, - თქვა ბაჩიაშვილმა.
26 მაისს, ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა გიორგი ბაჩიაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. სათაურით „ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი - როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე-ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი“.
სტატიაში ბაჩიაშვილი საქართველოდან გაქცევის ახალ დეტალებზე საუბრობდა, ასევე, ბიძინა ივანიშვილზეც.
მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაავრცელა განცხადება, რომ 26 მაისს, "წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი", - რომელიც დააკავეს.
ამის შემდეგ, ბაჩიაშვილის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა მალევე განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს“. მასში არ იყო დაკონკრეტებული, როგორ და რა გზით ჩამოიყვანეს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილმა საქართველოში დაბრუნების დეტალევზე 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმის განხილვის დროს ისაუბრა. სხდომაზე მან თქვა, რომ ის უცხო ქვეყანაში „გაიტაცეს“ და ასე დააბრუნეს თბილისში.
ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე” გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მან განაჩენის გამოცხადებამდე, 4 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანას ტოვებდა.