თბილისი (GBC) - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს, რომ "1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოსთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გრანტები გამოყო, რითაც დაფინანსდა ახალი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილების შექმნა, განათლება და გარემოს დაცვა".
ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, ყოველი ინვესტირებული ევრო მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას - გზების, საავადმყოფოებისა და სკოლების მოდერნიზებით დაწყებული, ადგილობრივი თემების, მეწარმეებისა და ახალგაზრდა ნოვატორების გაძლიერებით დასრულებული.
"უკვე 30 წელზე მეტია ევროკავშირი ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა TRACECA, EU4Business, ENPARD თუ EU4Youth, ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ ახალი ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.