თბილისი (GBC) - შპს ლუკოილ ჯორჯიას 2024 წლის წმინდა მოგება ₾35.5 მლნ იყო, რაც 2023-თან შედარებით, 2.1-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. უშუალოდ საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულმა მოგებამ ამავე პერიოდში ₾39.4 მლნ შეადგინა (+2.7x; y.y).

კომპანიას წლის ბოლოსთვის გააჩნდა საკუთარი - 23 და იჯარით აღებული - 27 ბენზინგასამართი სადგური, ასევე -10 ფრანჩაიზინგის უფლებით მომუშავე ავტოგასამართი სადგური, რომლებიც განთავსებულია საქართველოს ყველა რეგიონში.

კომპანიის ძირითადი მომწოდებელია კომპანია LUKOIL NEFTOHIM BURGAS AD, რომელიც LUKOIL-ის ჯგუფში შემავალი კომპანიაა.

საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე საბოლოო მშობელ კომპანიასთან 2024-ში ₾60.3 მლნ-იანი გარიგება ჰქონდა, ხოლო იმავე დონის შვილობილ საწარმოებთან კი ₾547.8 მლნ-იანი.

ნავთობის და ნავთობპროდუქტების რეალიზაციიდან კი ლუკოილმა ₾762.5 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, რაც 57.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია (y.y). მათ შორის, საბითუმო გაყიდვებიდან ₾566.8 მლნ, ხოლო საცალო გაყიდვებიდან კი ₾195.7 მლნ-ის შემოსავლის აკუმულირება მოახდინა.

სავაჭრო მოთხოვნები საანგარიშო პერიოდში ₾18.1 მლნ-ს შეადგენდა +58.9% y.y.

2024 წლის 31 დეკემბრისთვის, სავაჭრო მოთხოვნების არსებითი ნაწილი ₾7.4 მლნ-ის  ოდენობით შპს უნიგრუპს უკავშირდება (რომლის ყოფილი პარტნიორი დავით კეზერაშვილია და რომელიც წინა მთავრობის პერიოდში სახელმწიფო უწყებებს ტენდერების გზით, საწვავით ამარაგებდა), რომელთანაც კომპანიას სასამართლო დავა ჰქონდა.

2021 წლის ივლისამდე, შპს უნიგრუპი იყო კომპანიის მთავარი კორპორაციული მომხმარებელი, რომელიც ყიდდა კუპონებსა და ბარათებს საბოლოო მომხმარებლებზე. რადგან უნიგრუპმა ვერ შეძლო დაუფარავი დავალიანების გადახდა, 2021 წელს კომპანიამ გაწყვიტა ხელშეკრულება შპს უნიგრუპთან, ხოლო ვინაიდან კომპანიას 2021 წლის აგვისტოდან დავალიანება არ დაუფარავს, ამავე პერიოდში დაიწყო სასამართლო დავა, რომელიც გასული წლის ზაფხულში, ლუკოილის სასარგებლოდ, ₾9.5 მლნ-ის ანაზღაურების მოთხოვნით დაკმაყოფილდა.

ლუკოილი მიუთითებს, რომ კომპანიის შემოსავლის დაახლოებით 37% (2023 წელს: 39%) უკავშირდებოდა სავაჭრო ოპერაციებს ერთ კლიენტთან, რომელსაც ის არ აკონკრეტებს.

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ პროდუქტს - სუპერი, პრემიუმი, ევროდიზელი, ევრორეგულარი და დიზელი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა რუსულ ნავთობგიგანტს ლუკოილს და ყველა მის შვილობილ კომპანიებს, რომლებშიც ის 50% ან მეტ წილს ფლობს.

2002 წელს დაარსებული შპს ლუკოილ-ჯორჯიას პირდაპირი მშობელი კომპანია 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, LITASCO SA იყო (საბოლოო მშობელი კომპანია და კომპანიაზე საბოლოო კონტროლის მქონე მხარე საჯარო სააქციო საზოგადოება ლუკოილი). 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (და დღემდე), კომპანიის პირდაპირი მშობელი კომპანია LUKOIL International GmbH-ია, კვლავ საბოლოო კონტროლის მქონე მხარე არის საჯარო სააქციო საზოგადოება ლუკოილი. კომპანია წარმოადგენს კომპანია LUKOIL-ის არაექსკლუზიურ ლიცენზიანტს.