თბილისი (GBC) – სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის გამოსვლაში საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო.

როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოში, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.

„აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 14 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება, როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან  მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება,  აგრეთვე, ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები.  ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე" დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, რენტგენო-სკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.  სანქციების დაწესების პირველ დღეებიდანვე, საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მან ამ მიმართულებით ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისათვის პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და დაკავშირებული  სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) დახმარებით, ორგანიზებულ იქნა რამდენიმე დისტანციური და ფიზიკური შეხვედრა, საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, საბანკო სექტორისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ჩართულობით.