თბილისი (GBC) - უკანონო შემოსავლების მიღებაში ბრალდებულ, ორგზის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ 24 ოქტომბერს მიიღო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს მხოლოდ ერთ კითხვაზე უპასუხა: „მისცა თუ არა ვინმეს წინააღმდეგ ჩვენება?“ - "არავის წინააღმდეგ არ მიმიცია ჩვენება".
ღარიბაშვილმა სასამართლოს შენობა, არა ცენტრალური გასასვლელიდან, არამედ გვერდითა შესასვლელიდან დატოვა.
პარასკევს გამართულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ამასთან, უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც შუამდგომლობდა, მათ შორის, საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას.
დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე დაეთანხმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.