თბილისი (GBC) - შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური მიმართვას ოთხშაბათს, 28 მაისს ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება მისთვის "იოლი" არ იყო.
„2011 წლიდან ვიყავი იმ ბრძოლის თანამონაწილე, რომელსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა და რომელმაც ჩვენს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები მოუტანა. ჩემთვის ძვირფასი და საამაყოა ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობით ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ვრჩები ამ გუნდის ერთგული. მომავალშიც, ნებისმიერ დროს, მზად ვარ გვერდში დავუდგე სახელმწიფოს და მმართველ გუნდს, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.
10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიკავებდი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს. რასაკვირველია, ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნა ძალიან შრომატევადი საქმეა და დიდ ენერგიას მოითხოვს. დღეს, როდესაც ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, თავს უფლება მივეცი და გუნდს ვთხოვე თანამდებობის დატოვება, რაც მომცემს იმის საშუალებას, რომ ოჯახს - მეუღლეს, შვილებს და ახლად შეძენილ შვილიშვილს მეტი დრო დავუთმო", - ნათქვამია გომელაურის მიმართვაში.
მიმართვის დასასრულს მან მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და შსს-ს თანამშრომლებს.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ მაგნიტსკის აქტის ფარგლებში სანქცირებული ვახტანგ გომელაური „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, შინაგან საქმეთა მინისტრად პირველად 2015 წელს დაინიშნა. შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. 2019 წლიდან გომელაური ისევ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დაბრუნების შემდეგ, 2019 წელს ვახტანგ გომელაური ამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეცვალა გრიგოლ ლილუაშვილმა. ლილუაშვილი თანამდებობიდან 2025 წლის აპრილში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ნახევარი წლით ადრე დატოვა.
2024 წლის 20 იანვარს გომელაური ხდება საქართველოს ვიცე-პრემიერი, ხოლო 10 დღის შემდეგ, უკვე 30 იანვარს, „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ მიხეილ ყაველაშვილმა იგი ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.