თბილისი (GBC) – რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა კრემლთან დაახლოებულ სააგენტოს ТАСС განუცხადა, რომ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები „აქტივიზაციის ტენდენციით ხასიათდება“.

„მოხარული ვიქნებით დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით. ისტორიული მიზეზების გამო ჯერ ჩვენ თბილისში შვეიცარიის საელჩოში გვაქვს განყოფილება, რომელიც ჩვენი დიპლომატებისგან შედგება. ეს იგივეა, რაც მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს განყოფილება, რომელიც საქართველოს ინტერესებს წარმოადგენს. აქ ქართველი დიპლომატები მუშაობენ. ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობები მთლიანობაში აქტივიზაციის ტენდენციით გამოირჩევა“, – აღნიშნა კარასინმა.

მისი თქმით, რუსეთს მიაჩნია, რომ „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური ელიტა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა საგრძნობლად გაიზარდა, საქართველოს პასუხისმგებლობიანი მიდგომები აქვს. მას აღარ სურს სხვისი ინტერესების გამო ომი. ეს რუსულ საზოგადოებრივ აზრზეც აისახება, დალაგდა ტურიზმი, ქართველი ტურისტებიც ჩამოდიან ჩვენთან“.

კარასინმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს და თბილისს შეუძლიათ პირდაპირი ავიამიმოსვლის კიდევ უფრო გააქტიურება. მისივე თმით, „ახლა იდეალური იქნებოდა სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა“.

კარასინის აზრით, „თბილისს და მოსკოვს ერთმანეთის კარგად ესმით. მთავარია, მათ ხელი არავინ შეუშალოს, მათ შორის ევროპელებმა, რომლებიც დღეს წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებინებენ ზელენსკის. მათ საქართველოც უნდათ ხელს გააყოლონ“.