თბილისი (GBC) - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) სოციალურ ქსელში წერს, რომ „ივანიშვილი რუსული კანონების ამოქმედებას პუტინისა და ლუკაშენკოს სცენარით იწყებს“. მათი თქმით, ანტიკორუფციულმა ბიურომ 17 ივნისს რუსული კანონების აღსრულება დაიწყო და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოითხოვენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.

"17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების - წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, კერძოდ, ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემას, ვინც გვენდობოდა და ჩვენი დახმარებით უსარგებლია.

ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს. ივანიშვილის რეჟიმის მიერ ჩაგრული ადამიანების ინფორმაციას რუსულ რეჟიმს არ გადავცემთ. ჩვენ მივმართავთ სამართლებრივ გზებს ამ ბრძანებების წინააღმდეგ.

ჩვენთვის მათი მიზანი ცხადია - ივანიშვილი საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ცდილობს, ზუსტად ისე, როგორც ამას 1920-იან წლებში ბოლშევიკები, ბოლო დეკადაში კი - პუტინისა და ლუკაშენკას რეჟიმები აკეთებდნენ.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟისადმი შეგუებას და გავაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად", - წერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". 

31 მაისიდან საქართველოში ამოქმედდა ე.წ. ქართული FARA, რომელსაც ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი მათი საქმიანობის შემზღუდველ კანონად აღიქვამს.

ეს კანონი, ამერიკული FARA-სგან განსხვავებით, - იმის მიუხედავად, რომ ტექსტურ ვერსიას იმეორებს, - მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას. კანონი ითვალისწინებს უცხოური პრინციპალის აგენტების რეგისტრაციას და დოკუმენტაციების წარდგენას. კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა ეკისრება ანტიკორუფციულ ბიუროს.

წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.

ნებისმიერი პირი, რომელიც განზრახ დაარღვევს კანონის რომელიმე პუნქტს, წარსადგენ დოკუმენტაცაში განზრახ ჩაწერს არასწორ ინფორმაციას, გამოტოვებს ფაქტს, დაისჯება ჯარიმით 10 000 ლარამდე ან პატიმრობით არაუმეტეს 5 წლისა.

სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა ითვალისწინებს 5000 ლარამდე ჯარიმას ან 6 თვემდე პატიმრობას. იურიდიული პირი მხოლოდ ჯარიმით დაისჯება.