თბილისი (GBC) - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 ივნისს გამართულ პროცესზე არ გამოცხადდა და აღკვეთის ღონისძიების სახით დაწესებული გირაო პატიმრობით შეეცვალა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა.
მანამდე, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა: "არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს! დიდება საქართველოს!".
სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. პროკურატურის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.
ბრალდებულმა პოლიტიკოსმა მისთვის დაკისრებული გირაო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა.
ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის ბრალდებით, კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსია დაკავებული. მათ შორის: ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, პარტია "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია და პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი - ზურა ჯაფარიძე.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სხვა პოლიტიკოსების მიმართაც, რომლებმაც პატიმრობას გირაოს გადახდა ამჯობინეს. ესენი არიან: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - 50 000-50 000 ლარი, გივი თარგამაძე - 10 000 ლარი და გიორგი ვაშაძე - 50 000 ლარი.