თბილისი (GBC) – საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 8 მაისის საღამოს საათებში პოლიტიკოსების და აქტივისტების სასტიკი ცემის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს.

ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი და სათანადო პასუხი გაეცეს და ასეთმა შემთხვევებმა მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე არ მიიღოს, ვინაიდან ეს შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.

8 მაისის საღამოს „აგენტების კანონის“ სულ მცირე სამ მოწინააღმდეგეს დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. ერთ-ერთი მათგანია საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გია ჯაფარიძე. მისი ცემის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ძმამ - ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.

8 მაისის ღამეს ქუჩაში სცემეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლაშა ღვინიანიძეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანსაც.

ყველა მათგანი ჰოსპიტალიზებულია სახისა და ქალა-ტვინის ტრავმებით.

მანამდე, 9 მაისს, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ 8 მაისს მომხდარ თავდასხმებზე გამოძიება მყისიერად დაიწყო.