თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 763.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18.3 პროცენტით შემცირდა და 805.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2021-2024 წლებში.

2024 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (189.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (106.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (68.2 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები დაწინაურდა 126.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 15.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 82.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე, 50.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.3 პროცენტი).