თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.6%-ით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.27 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.6%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.5%);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.5%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.1 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-2.5%), ისე ფეხსაცმლის (-2.4%) ქვეჯგუფებზე.
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.81 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (20.8%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.8%);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8%), ზეთი და ცხიმი (7.8%), პური და პურპროდუქტები (7.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4%), რძე, ყველი და კვერცხი (2.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.6%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-6.1%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.5%-ით, რაც 0.82 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.3%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7%), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (8.4%);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2%-ით, რაც ჯამურ ინფლაციაზე 0.44 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.7%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.4%).
