თბილისი (GBC) - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოს „იმედის“ სასესხო დავალიანება ივანიშვილის კომპანიების მიმართ, მინიმუმ, ₾61 მლნ იყო. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია „იმედის“ დაფინანსებასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ.

TI Georgia-ს ინფორმაციით:

  • ბიძინა ივანიშვილი "იმედს" მინიმუმ 2018 წლიდან აფინანსებს.
  • 2022 წლის ბოლოს "იმედის" სასესხო დავალიანება ბიძინა ივანიშვილის კომპანიების მიმართ მინიმუმ ₾61 მლნ იყო.
  • "ქართუ ჯგუფთან" დაკავშირებულ სხვა კომპანიებთან ერთად დავალიანება ₾165 მლნ-ს აღწევს, რაც იმედის დაფინანსების 50%-ია.
  • "იმედის" დაფინანსება შეღავათიანი სესხებით ხდება. 2023 წელს ტელეკომპანიას ₾331 მლნ-ის სესხი ჰქონდა აღებული. სესხის 2 მთავარი გამცემი ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე არიან (დაკავშირებული კომპანიების საშუალებით).
  • კომპანია ზარალზე მუშაობს. 2023 წლის ბოლოს, მას 388 მლნ ლარის ზარალი ჰქონდა დაგროვილი.
    "ქართული ოცნების მთავარი პროპაგანდისტული საშუალება – ტელეკომპანია „იმედი“ ხშირად პოზიციონირებს, როგორც დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე კერძო ტელევიზია. ამავე დროს, მისი მფლობელი ირაკლი რუხაძე აღიარებს, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ის განსაზღვრავს და რომ ის „ქართული ოცნების“ პარტიულ მიზნებს ემთხვევა.

შპს „ტელეიმედის“ 100%-ს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ ჯგუფი“ ფლობს, რომლის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „მედია ფაინენს გრუპ“ არის. 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „მედია ფაინენს გრუპის“ საბოლოო მფლობელები კი ირაკლი რუხაძე, ბენჯამინ ალბერტ მარსონი და იგორ ალექსეევი არიან.

„ტელეიმედი“ ზარალზე მომუშავე კომპანიაა. მისი ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 388 მლნ ლარის დაგროვილი ზარალი ჰქონდა. 2018 წელს, როდესაც პირველად გასაჯაროვდა „ტელეიმედის“ ფინანსური ანგარიში, კომპანიას უკვე 170 მლნ ლარის დაგროვილი ზარალი ჰქონდა.

ზარალის დასაფარად „ტელეიმედი“ მისი მფლობელებისა და მათთან დაკავშირებული კომპანიებისგან წლიდან წლამდე იღებს შეღავათიან სესხებს, რომელთა დაბრუნებას „ტელეიმედს“ არავინ სთხოვს. ამას კომპანია თავად აღნიშნავს მის ფინანსურ ანგარიშებში. 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში (გვერდი 22) ვკითხულობთ:

„მიმდინარე ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოდგენილია ისეთი კომპანიებისგან აღებული სესხებით, რომლებიც კომპანიის აქციონერები და მათი ჯგუფის წევრები არიან. კომპანიის ხელმძღვანელობა არ მოელის, რომ აღნიშნული კრედიტორები მოითხოვენ სესხების დაფარვას ისე, რომ „ტელეიმედს“ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნას”.

2018 წელს „ტელეიმედს“ 141 მლნ ლარის სესხი ჰქონდა აღებული, ხოლო 2023 წელს უკვე 331 მლნ ლარი. ამ თანხის უმეტესი ნაწილი კომპანიის ერთ-ერთი საბოლოო ბენეფიციარი მფლობელის, ირაკლი რუხაძის კომპანიებისგან მოდის. თუმცა, ფინანსური ანგარიშების ანალიზმა აჩვენა, რომ იმავე სქემით, „ტელეიმედის“ დამფინანსებელთა შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებიც არიან, ბოლო მონაცემებით (2022 წელი):

  • სს „ბანკი ქართუ“ - 44.8 მლნ ლარი
  • შპს „ქართუ ჯგუფი“ - 6.9 მლნ ლარი
  • Wenigen Management Limited - 9 მლნ ლარი

2018 წლის ბოლოს „ტელეიმედს“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისგან 15 მლნ ლარამდე სესხი ჰქონდა მიღებული, კერძოდ „ქართუ ბანკისგან“ 8.1 მლნ ლარი და Wenigen Management Limited-სგან 6.8 მლნ ლარი. 2022 წლის ბოლოს „ტელეიმედის“ სასესხო დავალიანება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიმართ 61 მლნ ლარამდე იყო. ტელევიზიას ყველაზე მეტი ვალი – 45 მლნ ლარამდე „ქართუ ბანკის“ მიმართ ჰქონდა. 9 მლნ ლარის სესხი ჰქონდა Wenigen Management Limited-სგან და 7 მლნ ლარის სესხი შპს „ქართუ ჯგუფისგან“. 2018 წელს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების სესხის წილი მთლიან სესხებში 10% იყო, ხოლო 2022 წელს 21%.

2023 წლის ფინანსურ ანგარიშში „ტელეიმედის“ სესხები აღარ არის ჩაშლილი კრედიტორების მიხედვით. თუმცა, აღნიშნულია, რომ 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული მიმდინარე ვალდებულებებიდან (331 მლნ ლარი) მნიშვნელოვანი ნაწილი (274 მლნ ლარი) „ტელეიმედის“ აქციონერებისგან და მათთან დაკავშირებული კომპანიებისგან აღებული სესხებია.

მონაცემთა წყარო: „ტელეიმედის“ წლიური ფინანსური ანგარიშები

ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ დაკავშირებული კრედიტორი კომპანიები

სს „ბანკი ქართუ“

სს „ბანკი ქართუს“ 100% წილის მფლობელი ფონდი „ქართუ“ არის, რომელსაც, თავის მხრივ, მფლობს სს „ქართუ ჯგუფი“; ამ უკანასკნელის საბოლოო მფლობელი, 2025 წლამდე, ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი იყო. 2025 წლის დასაწყისში შეიცვალა მფლობელობის სტრუქტურა, სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქციებისგან კომპანიების დაცვის მიზნით; დღეის მდგომარეობით უტა ივანიშვილი სს „ქართუ ჯგუფის“ 35%-ს ფლობს, ხოლო დანარჩენი წილები სულ მცირე 14 უცნობ პირზეა გადანაწილებული.

2018 წელს „ტელეიმედს“ სს „ბანკი ქართუსგან“ 8 მლნ ლარის სესხი ჰქონდა აღებული. 2022 წლის მონაცემებით ბანკისადმი დავალიანება 44.8 მლნ ლარამდე იყო გაზრდილი.

შპს „ქართუ ჯგუფი“

შპს „ქართუ ჯგუფის“ 100% წილის მფლობელი ასევე ფონდი „ქართუა“, შესაბამისად, „ქართუ ბანკის“ მსგავსად, კომპანიის საბოლოო მფლობელი 2025 წლამდე ბიძინა ივანიშვილის შვილი უტა ივანიშვილი იყო; დღეის მდგომარეობით კი წილები განაწილებულია უტა ივანიშვილსა (35%) და სულ მცირე 14 უცნობ პირს შორის.

„ტელეიმედმა“ „ქართუ ჯგუფისგან“ სესხი პირველად 2020 წელს მიიღო 7.1 მლნ ლარის ოდენობით. 2022 წლის ბოლოს დავალიანება 6.9 მლნ ლარამდე იყო შემცირებული.

Wenigen Management Limited

„ტელეიმედის“ ფინანსური ანგარიშების მიხედვით Wenigen Management Limited ტელევიზიის მფლობელებთან დაკავშირებული კომპანიაა. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ 2022 წლის კვლევის მიხედვით, Wenigen Management Limited ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც 2018-2019 წლებში ფონდ „ქართუს“ აფინანსებდა. 2018 წელს „ტელეიმედს“ Wenigen Management Limited-სგან 6.8 მლნ ლარის სესხი ჰქონდა აღებული. 2022 წლის მონაცემებით კი სესხის მოცულობა 9 მლნ ლარამდე იყო გაზრდილი.

შპს „ამბერი“ – „ქართუ ბანკთან“ / ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია?

შპს „ამბერი“ „ტელეიმედის“ მსხვილი კრედიტორია. ის 2018 წლიდან აფინანსებს ტელევიზიას და 2022 წლის ბოლოს 105 მლნ ლარის სესხი ჰქონდა გაცემული. რადგან „ამბერის“ სახელი ფინანსურ ანგარიშებში ქართულად წერია, ის სავარაუდოდ საქართველოში რეგისტრირებული კომპანია უნდა იყოს. ფინანსურ ანგარიშებში არ არის მოცემული კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი, „ამბერი“ კი ათზე მეტ კომპანიას ჰქვია. აქედან გამომდინარე კომპანიის ზუსტი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. თუმცა, „ტელეიმედის“ 2022 წლის ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია (გვერდი 22), რომ „ამბერი“ ტელევიზიის მფლობელებთან და მათი ჯგუფის წევრებთან დაკავშირებული კომპანიაა.

ჩვენ შევისწავლეთ 2018 წლამდე რეგისტრირებული ყველა კომპანია, რომელსაც „ამბერი“ ჰქვია. მაღალი ალბათობით ტელევიზიას 2018 წლის 17 ოქტომბერს რეგისტრირებული შპს „ამბერი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 400251758) აფინანსებს, რომლის 100% წილის მფლობელი იაკობ გოგოლაძეა. ერთ-ერთი სპორტული ვებსაიტის მიხედვით, იაკობ გოგოლაძე ფუტსალის გრანდ ლიგაში „ბანკი ქართუს“ გუნდში თამაშობს. სოციალურ მედიაში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ის „ბანკი ქართუს“ გუნდში 2019 წელსაც თამაშობდა.

სს „ქართუ ჯგუფის“ 2018 წლის ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართუ ჯგუფმა“ 2018 წლის 18 ოქტომბერს 2.8 მლნ ლარის სესხი მისცა შპს „ამბერს“. ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული „ამბერი“ კი ერთი დღით ადრე დარეგისტრირდა, რაც მიანიშნებს, რომ სესხი სწორედ ამ კომპანიამ მიიღო. თავის მხრივ, 2018 წელს „ამბერმა“ „ტელეიმედს“ დაახლოებით იგივე მოცულობის თანხა - 2.9 მლნ ასესხა. „ქართუ ჯგუფმა“ ამბერს 2.9 მლნ ლარის სესხი 2019 წელსაც მისცა, რომელმაც შემდეგ „ტელეიმედი“ დააფინანსა.

ეს სქემა აჩენს ეჭვს, რომ შპს „ამბერიც“ რეალურად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა, რომლის საშუალებითაც ივანიშვილი იმაზე მეტ თანხას დებს იმედში, ვიდრე ზემოთ ნახსენები სამი კომპანიის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ „იმედის“ დაფინანსების წილი 56%-მდე იზრდება.

ცხრილი 1. შპს „ტელეიმედის“ სესხები, 31 დეკემბრის მდგომარეობით, მლნ ლარი

ინფორმაციის წყარო: „ტელეიმედის“ წლიური ფინანსური ანგარიშები

Ps Capital Lux S.A.R.L

„ტელეიმედის“ ფინანსური ანგარიშების მიხედვით, Ps Capital Lux S.A.R.L ტელევიზიის მესაკუთრეებთან დაკავშირებული კომპანიაა. Ps Capital Lux S.A.R.L ლუქსემბურგში არის რეგისტრირებული და მისი მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Park Street Capital LP-ია. აღნიშნული კომპანია 2021 წლიდან აფინანსებს „ტელეიმედს“ და 2022 წლის ბოლოს ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი იყო. ტელევიზიის დავალიანება მის მიმართ 126 მლნ ლარი იყო", - წერს TI.