თბილისი (GBC) – თურქულენოვანი სახელმწიფოთა ორგანიზაციის XII სამიტი აზერბაიჯანის ქაბალაში 6–7 ოქტომბერს გაიმართება. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები „რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“ განიხილავენ, სადაც ხაზი გაესმება თურქულ სამყაროში სტაბილურობისა და თანამშრომლობის აქტუალურობას. ამის შესახებ 29 სექტემბერს ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ ოპერ კოჯამანმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ გლობალური ცვლილებების პირობებში თურქულენოვან სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა და ინტეგრაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
აღნიშნული ორგანიზაციის ანალიტიკური ცენტრების მეთერთმეტე ტრადიციული კონფერენცია ბაქოში 29 სექტემბერს გაიმართა და მთავარი თემა იყო „თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაცია, როგორც რეგიონული აქტორი გლობალური გაურკვევლობის პირობებში“. ამ ღონისძიებაზე საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის ცენტრის თავმჯდომარემ ფარიდ შაფიევმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ორგანიზაციის წევრების რაოდენობა, ისე მისი ავტორიტეტი რეგიონულ და გლობალურ დონეებზე: „დღეს ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორგანიზაცია ნამდვილად სრულფასოვნად ემსახურება მშვიდობას და თანამშრომლობას რეგიონში და სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით, თანასწორობაზეა დაფუძნებული“.
მისივე თქმით, თურქულენოვანი სამყარო უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული, მძლავრი სამხედრო პოტენციალით, მდიდარი რესურსებით, სატრანსპორტო დერეფნებით და ახალგაზრდა მოსახლეობით. კაჯამანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ძალისხმევა – გახდნენ გავლენიანი მოთამაშე და მიზიდულობის ცენტრი მსოფლიო არენაზე. მან განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა აზერბაიჯანს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კვანძს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის.
თავის მხრივ, უნგრეთს სურს, გახდეს თურქულენოვანი სახელმწიფოების ევროპაში და ევროკავშირში ინტეგრაციის ადგილი. ამის შესახებ კონფერენციაზე უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ–თანამშრომელმა ლასპო ვასამ განაცხადა.
კონფერენციის მონაწილეებმა შუა დერეფნის განვითარების მიმართულებებით საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს სომხეთის ტერიტორიაზე ზანგეზურის დერეფნის მშენებლობას, რომელიც, მათი თქმით, პირდაპირ მაგისტრალს შექმნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და თავიდან აარიდებს ზედმეტ ლოგისტიკურ ხარჯებს გადამზიდავებს.