თბილისი (GBC) - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამის შესახებ მან ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.
„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების კვლევით მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებით ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის თანახმად, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს,“ - განაცხადა მიქანაძემ.
უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად ირაკლი კობახიძემ გასული წლის 17 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მოქმედი განათლების სისტემა ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს და რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „ამბიციური მიზანი“, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იმავენაირად განათლება, როგორსაც უცხოეთში იღებენ.
ამდენად, „ქართული ოცნება" გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“.