თბილისი (GBC) - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ მიერ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის კადრები შედარებულია საქართველოში გადაღებულ კადრებთან, წარწერით: "არა ომს", "აირჩიე მშვიდობა". 

„ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს და უკრაინულ საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას იწვევს“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

განცხადებაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოსკოვს აამოს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყურადღება გაამახვილა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მორიგ არამეგობრულ ქმედებაზე, რომელიც საკუთარი პოლიტიკური პიარისთვის აგრძელებს ვიდეოების გამოყენებას, რომლებიც ასახავს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის საშინელ შედეგებს.

ასეთი ცინიკური ნაბიჯები უკრაინელი ხალხისა და რუსული აგრესიის მსხვერპლთა მიმართ უპატივცემლობას გამოხატავს და უკრაინულ საზოგადოებაში სამართლიან აღშფოთებას იწვევს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოსკოვს აამოს და უგულებელყოფს ღირსებისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც ისტორიულად ახასიათებს ქართველ ერს და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ჩვენ ვურჩევთ საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგებს, იყვნენ გულახდილები საკუთარ ხალხთან და თავიანთ გვერდებზე უფრო ჭეშმარიტი სურათი განათავსონ: მარჯვნივ რუსეთის სამფეროვანი დროშა და მარცხნივ ევროკავშირისა და ნატო-ს დახურული კარები. ეს რეალობას შეესაბამება, რადგან საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ ქვეყანას არა ომი, არამედ ევროპული მომავალი წაართვა. ამავდროულად, უკრაინა თანმიმდევრულად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს მეგობარ ხალხს დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს აშენებისკენ სწრაფვაში“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში, რომელიც საქართველოში უკრაინის საელჩომ გაავრცელა.

"ქართულმა ოცნებამ" ანალოგიური პიარ კამპანია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდშიც გამოიყენა.