თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 35.6%-ით გაიზარდა და 1,664 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 60.7%-ით 104 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ბათუმში 2025 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28.9%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,369 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (48.3%), ასევე მეორეულ ბაზარზე (12.5%). აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის ივლისში ერთიანად დარეგისტრირდა 180-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ პროექტის გარეშე მაჩვენებელი 14.5%-ით გაიზარდა, პირველად ბაზარზე კი - 19.3%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.

ამასთან, ბათუმში 2025 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 38.4%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის ივლისში ერთიანად დარეგისტრირდა 180-მდე ტრანზაქცია. ამ პროექტის გარეშე ზრდა კი 23.3%-ს შეადგენს.