თბილისი (GBC) - სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი წერს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. კერძოდ, ფაშინიანმა კობახიძეს 8 აგვისტოს, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო.

„ნიკოლ ფაშინიანმა თავის კოლეგას გააცნო, „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმება“, ეუთოს მინსკის ჯგუფის მექანიზმების დაშლის შესახებ ეუთოსთვის ერთობლივი მიმართვა, ასევე რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესახებ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების ფარგლებში და ორმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ასევე პროექტი „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის.

სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების დღის წესრიგზე.

„ისინი იზიარებდნენ მოსაზრებას, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

8 აგვისტოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით, ერთობლივ სამშვიდობო დეკლარაციას მოაწერეს ხელი

11 აგვისტოს კი ვაშინგტონში გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოაქვეყნეს. 

გამოქვეყნებული სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი 17 პუნქტისგან შედგება.

„იმის დადასტურებით, რომ ყოფილ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის საზღვრები შესაბამისი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვრები გახდა და ეს აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ, მხარეები აღიარებენ და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, „ორივე მხარის მიერ რატიფიცირებული ამ შეთანხმების გაცვლის შემდეგ, მხარეები დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებენ, ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების შესაბამისად“.

მხარეები აცხადებენ, რომ საზღვრების დელიმიტაციის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები შესაბამისი სასაზღვრო კომისიების ფარგლებში გაიმართება.

„მხარეები ერთმანეთის საზღვარზე რომელიმე მესამე მხარის ძალებს არ განათავსებენ. მხარეები, საზღვრის დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის დასრულებამდე, უსაფრთხოებისა და ნდობის გაძლიერების მიზნით ურთიერთშეთანხმებულ ღონისძიებებს განახორციელებენ, მათ შორის სამხედრო სფეროში, კერძოდ, საზღვრისპირა რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით“, - აღნიშნულია შეთანხმებაში.

შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მიზნით სომხეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ კომისიას შექმნიან.