თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,713 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივლისთან შედარებით 4%-იანი ზრდა ფიქსირდება. ბაზრის ზომა 22%-ით, 293 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი (ახალ პროექტებში განახლდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგია, რის გამოც შეიცვალა 2022-2025 წლების მაჩვენებლები).

2025 წლის ივლისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით მხოლოდ 1.5%-ით გაიზარდა. ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 11.8%-ით შემცირდა, მეორეულ ბაზარზე კი 24.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ძველ პროექტებში ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელია - 11.7%.

2025 წლის ივლისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივლისთან შედარებით 23.8%-ით გაიზარდა ფართო ცენტრში, გარეუბანში 14.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ქალაქის ცენტრში საშუალო შეწონილმა ფასმა 13.3%-ით მოიმატა. ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის ივლისში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 5.9%-ით გაიზარდა.

recov.ge-ის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივლისთან შედარებით 11%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7.9%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 4.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.