თბილისი (GBC) - გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შედგება და იქვე დასძინა: "არ ვიცით, ეყოფა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს გამბედაობა, რომ მსგავს სამიტს დაესწროს. მაშასადამე, მისი დარწმუნებაა საჭირო".
ჟურნალისტებს მერცმა ასევე უთხრა, რომ შეხვედრის დროს "ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და შეთანხმდა, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ორი კვირის განმავლობაში გაიმართება."
გერმანიის კანცლერის თქმით, ტრამპმა პუტინი სამმხრივ შეხვედრაზეც მიიწვია, რათა მოლაპარაკებები "რეალურად დაიწყოს".
მერცის თქმით, ტრამპზე შთაბეჭდილება იქონია ევროპელი ლიდერების საერთო პოზიციამ. მან დაამატა, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციასთან გამართული მოლაპარაკებები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს დაეთმობა.
"სრულად ცხადია, რომ მთელმა ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა", - თქვა მერცმა და პრეზიდენტი ტრამპი შეაქო განაცხადისთვის, რომ აშშ მზადაა, ევროპას ამ კუთხით დახმარება გაუწიოს.
მანამდე, ჟურნალისტებთან ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ უკრაინას არ უნდა აიძულონ ტერიტორიების დათმობა.
მერცის განცხადებით, ეს საკითხი თეთრ სახლში აშშ-ის, უკრაინის პრეზიდენტებისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე არ განხილულა.
გერმანიის კანცლერის თქმით, სუვერენულ სახელმწიფოს უბრალოდ არ შეუძლია ასეთი რამის გადაწყვეტა.
„მესამე ასპექტი, რომლის შესახებაც მინდა, ვისაუბრო და რომელიც ასევე არ განხილულა, არის ის, რომ უკრაინას არ უნდა აიძულონ ტერიტორიული დათმობები. რუსეთის მოთხოვნა, რომ კიევმა დონბასის თავისუფალ ნაწილებზე უარი თქვას, პერსპექტივაში რომ განვიხილოთ, ეკვივალენტურია იმისა, რომ აშშ-ს ფლორიდაზე უარის თქმა მოუწიოს. სუვერენულ სახელმწიფოს უბრალოდ არ შეუძლია ასეთი რამის გადაწყვეტა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინამ თავად უნდა მიიღოს მოლაპარაკებების მსვლელობისას“, – თქვა მერცმა.
18 აგვისტოს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა.