თბილისი (GBC) - ირანის საელჩოების ანგარიშებმა სოციალურ ქსელებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე იერიშების სერია მიიტანეს მისი ბოლოდროინდელი, ლანძღვით სავსე მუქარების გამო. ამის შესახებ Politico წერს

თეირანმა ტრამპს მას შემდეგ უპასუხა, რაც მან პირობა დადო, რომ დაარტყამდა ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ელექტროსადგურებსა და ხიდებს, თუკი არ იქნება მიღწეული შეთანხმება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საზღვაო გზის გახსნის შესახებ. პოსტი პრეზიდენტმა საკუთარ პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა.

„სამშაბათი ირანში იქნება ელექტროსადგურების დღე და ხიდების დღე, ყველაფერი ერთად“, - დაწერა მან. „ამის მსგავსი არაფერი გინახავთ! გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, თქვე გიჟო ნაბიჭვრებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ - უბრალოდ უყურეთ!“

ტაილანდში ირანის საელჩომ პრეზიდენტს მიანიშნა, რომ საკუთარი „ენისთვის“ მიეხედა, ხოლო ავსტრიაში თეირანის საელჩომ დაწერა: „როდესაც მას უსმენთ, თვალები დახუჭეთ... თქვენ თითქმის შეგიძლიათ დაინახოთ ქვის ხანის პირველყოფილი ადამიანი ზებრის ტყავში, რომელიც კომბალს იქნევს და სიველურეს ყოველდღიურობასავით ეპყრობა“.

ინდოეთში ირანის საელჩომ განაცხადა: „გინება და შეურაცხყოფის მიყენება ისეა, როგორც წაგებული და გათამამებული ბავშვები იქცევიან“. ფინეთში თეირანის საელჩომ კი აღნიშნა, რომ ტრამპის პოსტმა აჩვენა მისი „უცოდინარობა სოციალური მედიის სათანადო ეტიკეტსა და მორალში“.

X-ის კიდევ რამდენიმე სხვა ანგარიში, რომლებიც თავს სხვადასხვა ქვეყანაში ირანის საელჩოებად ასაღებდნენ, ასევე შეუერთდნენ ამ ტროლინგს. თუმცა, მაშინ როცა ავსტრიის, ინდოეთისა და ფინეთის საელჩოებს ჰქონდათ ნაცრისფერი ნიშნები (grey ticks), რაც მათ ოფიციალურ სტატუსზე მიუთითებს, სხვების დაუყოვნებლივ ვერიფიცირება ვერ მოხერხდა.

Politico-ს ცნობით, ვაშინგტონი და ისრაელი უკვე ხუთი კვირაა ირანის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობის მკვლელობებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას გულისხმობს.

კონფლიქტმა, რომელმაც თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის გადაზიდვის კრიტიკული გზების ჩაკეტვის გამო გლობალური ენერგეტიკული ბაზრები შეარყია, ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მიანიშნა ირანის რეჟიმთან შეთანხმების მოახლოებაზე.