თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „დაუყოვნებლივ“ შეუძლია ომის დასრულება, თუ უარს იტყვის ყირიმზე და NATO-ში გაწევრიანებაზე, განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. „გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი. არავითარი ყირიმის დაბრუნება, რომელიც ობამამ გადასცა (12 წლის წინ, ერთი გასროლის გარეშე!) და არავითარი უკრაინის NATO-ში გაწევრიანება. რაღაცები არასდროს იცვლება“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth Social, ზელენსკისთან ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრის წინ.
თეთრი სახლის ლიდერმა „დიდი დღე“ დააანონსა და აღნიშნა, რომ ამერიკის დედაქალაქში „არასდროს ყოფილა ამდენი ევროპელი ლიდერი ერთდროულად“. აშშ–ში ვიზიტის დროს ზელენსკისთან ერთად იქნებიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ფინეთის ლიდერები, ასევე NATO-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის მეთაური.
უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ უკვე ვაშინგტონშია. „ჩვენ ყველას ერთნაირად გვსურს ამ ომის სწრაფად და საიმედოდ დასრულება. და მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი. ისე არა, როგორც ეს წლების წინ იყო, როდესაც უკრაინას ყირიმის და დონბასის ნაწილის დათმობა აიძულეს, ხოლო პუტინმა ეს ტერიტორიები ახალი თავდასხმისთვის პლაცდარმად გამოიყენა“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ომი რუსეთმა უნდა დაასრულოს, რომელმაც დაიყო ის და იმედი გამოთქვა, რომ აშშ–თან და ევროკავშირთან ერთად კიევი შეძლებს ამის გაკეთება აიძულოს მოსკოვს.
CNN აღნიშნავს, რომ ტრამპის ბოლო განცხადება ზეწოლის დემონსტრირებაა, რომლის წინაშეც აღმოჩნდება ზელენსკი თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე. ამასთან, ყირიმის დათმობა, რომლის ანექსიაც უკანონოდ რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, ასევე NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა, ომის შეწყვეტის პირობებშია მოყვანილი, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა წამოაყენა.
ტერიტორიების დათმობისკენ მოწოდებების საპასუხოდ უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ კიევი მშვიდობის სანაცვლოდ არ იტყვის იმ ტერიტორიებზე უარს, რომლებსაც დღეს აკონტროლებს. მისივე თქმით, უკრაინის კონსტიტუცია შეუძლებელს ხდის ტერიტორიების ჩაბარებას, ან მიწით ვაჭრობას.