თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ თავდასხმას X-ზე ეხმაურება და აცხადებს, რომ "საჭიროა მკაფიო რეაქცია მსოფლიოსგან, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებისგან, რომლის სიგნალებსაც რუსეთი ყურადღებას აქცევს".
„რუსეთმა უნდა მიიღოს სიგნალები, რომ მისი ვალდებულებაა დიპლომატიაზე ფოკუსირება და ყოველ ჯერზე, როდესაც ის კვლავ მკვლელობებსა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე გაამახვილებს ყურადღებას, უნდა იგრძნოს შედეგები“, - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ, ჯამში, 242 დრონი, 13 ბალისტიკური რაკეტა, მათ შორის „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, ასევე 22 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა.
„ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ობიექტების გარდა, რუსულმა დრონმა კატარის საელჩოს შენობა დააზიანა - კატარი, სახელმწიფო, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს რუსეთთან შუამავლობისთვის, რათა უზრუნველყოს რუსეთის ციხეებში მყოფი ომის ტყვეების და მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება“, - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, რუსეთის დღევანდელი დარტყმა კიდევ ერთი შეხსენებაა უკრაინის პარტნიორებისთვის, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია.
„დღევანდელი დარტყმა ასევე ძალიან ხმამაღალი შეხსენებაა ჩვენი ყველა პარტნიორისთვის, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია. არც ერთი დღე არ უნდა დაიკარგოს მიწოდების, წარმოების ან შეთანხმებების მიღწევის პროცესში“, - წერს ზელენსკი.
რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგ თავდასხმას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ აშკარა ესკალაციაა და ევროპისა და აშშ-სთვის გაფრთხილებას წარმოადგენს. პუტინს მშვიდობა არ სურს, რუსეთის პასუხი დიპლომატიაზე მეტი რაკეტა და განადგურებაა“, - აცხადებს კალასი.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მასშტაბური დარტყმები გაგრძელდება მანამ, სანამ პარტნიორები უკრაინას მის შეწყვეტაში არ დაეხმარებიან.
„ევროკავშირის ქვეყნებმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედონ თავიანთი საჰაერო თავდაცვის მარაგებში და ახლავე იმოქმედონ. ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ამ ომის ფასი მოსკოვისთვის, მათ შორის უფრო მკაცრი სანქციების გზით“, - წერს კაია კალასი.