თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის ფოთში მოქმედ უწყებათაშორისი დანაყოფის წევრებს სამსახურის მიერ, დაწესებული მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
მგზავრებისა და კონტეინერების კონტროლის უწყებათაშორისი დანაყოფის შექმნის საქმეში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის საპატიო სიგელით, ასევე დაჯილდოვდა საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის, საერთაშორისო საბაჟო, სანიტარულ-ფიტოსანიტარული სასაზღვრო კონტროლის თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, მინდია გრძელიძე.
დაჯილდოების ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა. ხელმძღვანელმა პირებმა თავიანთ გამოსვლებში, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს დანაყოფის ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობას და მასში ჩართულ თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადეს სამსახურებრივი მოვალეობის მაღალი სტანდარტით შესრულებისთვის.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, მიმდინარე წლის ივნისიდან დღემდე გამოვლენილი სამი ფაქტის შედეგად, ამოღებულია დაახლოებით 750 კილოგრამი ,,ჰეროინი".
აღნიშნული უწყებათაშორისი დანაყოფი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - მგზავრებისა და კონტეინერთა კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საბაჟო დეპარტამენტში 2012 წელს შეიქმნა და მასში ჩართულია საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. დანაყოფის წევრები ერთდროულად ახორციელებენ საზღვაო საჰაერო და სახმელეთო გზით გადაადგილებული ტვირთების კოორდინირებულ კონტროლს აღსანიშნავია, რომ ერთობლივი დანაყოფი აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესშიც.
(R)