თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.1%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 4.7%-ით.
მათ შორის:
- საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 7.5%-ით;
- არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.9%-ით;
- სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.01%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 1.7%-ით
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.6%-იანი შემცირებით, რამაც -0.23 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.7%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 19.2%-იანი ზრდით და მანქანა-დანადგარების ხარჯების კატეგორიის 5.3%-იანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 4.29 და 0.34 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 24.8%-ით.