თბილისი (GBC) - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედება 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადდა.
უწყების ცნობით, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად პედაგოგს იმ საგნის ან საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია უნდა ჰქონოდა, რომელსაც ასწავლის. ახალი გადაწყვეტილებით კი, მოქმედ მასწავლებლებს საკუთარი კვალიფიკაციის დასადასტურებლად დამატებითი გონივრული ვადა ეძლევათ და საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.
გარდამავალ პერიოდში სამინისტრო პედაგოგებს დამატებით მხარდაჭერას ჰპირდება:
- გამოცდები წელიწადში ორჯერ: საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში ჩატარდება.
- უფასო ტრენინგები: პედაგოგები შეძლებენ უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების კურსები.
სამინისტროს განმარტებით, ცვლილების მიზანი სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სკოლების მომზადება და მასწავლებელთა პროფესიული სტაბილურობის ხელშეწყობაა. პარალელურად, უწყება აქტიურად მუშაობს მასწავლებელთა საკადრო დეფიციტის პრევენციისა და მართვის ერთიან სტრატეგიაზე.
