თბილისი (GBC) - განათლების რეფორმის მიხედვით, საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-11 კლასში ისწავლონ მხოლოდ იმ საგნები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
„მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ეს ასახავს იმ მიზანს, რომელიც უკავშირდება, პირველ რიგში, იმას, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი, ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ წნეხი, რაც ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადების კუთხით ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ამასთან, საჯარო სკოლების მე-12 კლასში სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი რეგისტრაცია ყოველი წლის მარტში გაიარონ. "შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები", - დასძინა მიქანაძემ.
სოციალურად დაუცველი ოჯახები ფორმებთან დაკავშირებით კი სახელმწიფო მხარდაჭერას მიიღებენ.
"ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის შეფასებული 60 000 ქულით ან ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიქანაძემ.
გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციისას ასევე განაცხადა, რომ "საჯარო სკოლების დაფინანსების ვაუჩერული კომპონენტი შენარჩუნდება, თუმცა ვიფიქრებთ, სხვადასხვა მოდელზე, რომლებიც სკოლებისთვის აუცილებელი საჭიროებების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს".
მისივე თქმით, ზოგადი განათლების რეფორმა არსებითად შეცვლის სწავლა-სწავლების პროცესს.
ამასთან, ორი-სამი წლის განმავლობაში დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები.
მიქანაძეს მტკიცებით, სამინისტრომ გასული ექვსი თვის განმავლობაში, შერჩევითობის პროცედურის გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით.
კვლევითმა ორგანიზაციამ, Gnomon Wise-მა 31 ოქტომბერს მიმოიხილა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია. სადაც ორგანიზაცია წერდა, რომ 2025 წლის 16 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ წარადგინა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია უმაღლესი განათლების სექტორში მთავარი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
გამოწვევებს შორისაა: „1. უმაღლესი განათლების ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია; 2. რესურსების ირაციონალური გამოყენება და უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის უთანაბრობა; 3. უსისტემო საკადრო პოლიტიკა; 4. სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების ნაკლებობა; 5. სუსტი კავშირი უმაღლესი განათლების პრიორიტეტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის და 6. გაუმართავი დაფინანსების სისტემა“.
შეჯამების სახით, Gnomon Wise წერდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და განათლების ექსპერტების ჩართულობის გარეშე, სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, აჩენს არაერთ შეკითხვას, მის რეალურ მიზანთან დაკავშირებით.
"კონცეფციაში დაუსაბუთებელია ცვლილების ამ ფორმით განხორციელების საჭიროება და არაერთ შემთხვევაში, უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად, წარმოშობს დამატებითი პრობლემების რისკებს. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია ჯერ - კანონპროექტად, შემდეგ კი კანონად იქცევა, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა დაბრუნდება რამდენიმე დეკადით უკან, ცენტრალიზებულ განათლების მოდელზე, რომელშიც სახელმწიფოს მიერ კონტროლდება როგორც სწავლების ფორმა, ისე შინაარსი, სტუდენტების როლი დაკნინებულია და აკადემიური თავისუფლება არ არის დაცული. თუ ეს კონცეფცია სრულად განხორციელდება, ქართული განათლების სისტემა ჩამოშორდება ევროპულ აკადემიურ სივრცეს და სტუდენტებს შეეზღუდებათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისოდ აღიარებული, ხარისხიანი განათლება", - წერს Gnomon Wise.