თბილისი (GBC) – შვეიცარიულმა კომპანიამ საქართველოში ჩაატარა ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა და ანალიზი, უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის გარკვეული არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას.
„კლიმატის ცვლილებები აისახება მთელს მსოფლიოზე, არა მხოლოდ საქართველოზე. ჩვენ სამწუხარო შემთხვევებიც გვქონდა, სტიქიები, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რისკები შეამციროს. რისკების შემცირების ერთ-ერთი პირველი ეტაპი არის კვლევების ჩატარება, ანუ იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შეიძლება გარკვეული საფრთხე არსებობდეს. შვეიცარიულმა კომპანიამ ძალიან კარგად იმუშავა. ყველა მყინვარული ხეობის გამოკვლევა და ანალიზი ჩატარდა. შემდეგ მათ წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია. მყისიერი უშუალო საფრთხე არსად არ ფიქსირდება, თუმცა არის გარკვეული არეალები, სადაც არის გაცემული რეკომენდაცია, დამონტაჟდეს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა. ამ მიმართულებითაც მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებას, ინფორმაციის მიწოდებას, რას გულისხმობს ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემა. ეს ზოგადად ძალიან აპრობირებული მეთოდია, მათ შორის, შვეიცარიაში და მათ ეს კარგად გამოიყენეს ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც სტიქია ემუქრებოდა სოფელს. ადრეული გაფრთხილების სისტემამ მეტწილად დააზღვია ზიანი, რომელიც იქ დადგა და ვფიქრობ, რომ ადრეული გაფრთხილების მონიტორინგის სისტემის დამონტაჟებით რისკების შემცირება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მყისიერი საფრთხე ამ ეტაპზე არსად არ ფიქსირდება. არის გარკვეული ადგილები, სადაც რეკომენდაცია გაიცა და წლის ბოლომდე რამდენიმე ლოკაციაზე დამონტაჟდება ეს სისტემა, ხოლო შემდეგი წლის ბოლომდე ყველგან გვექნება ეს სისტემები, სადაც რეკომენდაცია იქნა გაცემული", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მაღალმთიანი რეგიონები, რომლებიც საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, ერთ-ერთ ყველაზე გეოლოგიურად აქტიურ ზონას წარმოადგენს, სადაც ხშირია მეწყერი, ღვარცოფი და სხვა სტიქიური მოვლენები. ტერიტორია ხასიათდება რთული რელიეფით, მყიფე გეოლოგიური ფენებითა და უხვი ნალექებით, რაც ბუნებრივი კატასტროფების რისკს ზრდის.
2023 წლის 3 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, რაჭის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვის მიმდებარედ მასშტაბური მეწყერი ჩამოწვა. სტიქია გვიან საღამოს განვითარდა და რამდენიმე წუთში მთლიანად მოიცვა დასასვენებელი ზონა, საცხოვრებელი კოტეჯები, კაფეები და მიმდებარე ტერიტორია. მიწის მასასთან ერთად ჩამოწოლილმა ქვებმა, ტალახმა და წყალმა სრულად დაფარა ინფრასტრუქტურის ნაწილი და ადგილზე მყოფი ადამიანები მოულოდნელად ხაფანგში მოაქცია.
ტრაგედიის შედეგად ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა სულ მცირე 32 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ერთი პირი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა რთულ რელიეფსა და მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში. პროცესში ჩართული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის ძალების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე მოხალისეები. გამოყენებული იყო მძიმე ტექნიკა, დრონები და ვერტმფრენები.
შოვის ტრაგედიამ ქვეყანაში ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია. გაჩნდა კითხვები ადრეული გაფრთხილების სისტემების, გეოლოგიური მონიტორინგის და კურორტის ტერიტორიაზე მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ. მომხდარი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბუნებრივ კატასტროფად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.