თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა კახეთის რეგიონში მოქმედი კერძო „ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის ცენტრი“-ს დირექტორის პოზიციაზე. დაკავებული, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გარეშე, სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ ყალბ რეცეპტებს.

ბრალდებული დაკავებულ იქნა რეცეპტის გასაღების ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით.