თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში, საქონლის ხორცის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, წყალტუბოს რაიონში შეჩერებულ იქნა ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 1 900 კილოგრამი საქონლის ხორცი სატრანსპორტო ზედნადებისა და ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო წესების დარღვევით გადაჰქონდა.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს და კომპანიის დასახელებას არ ასახელებს.
სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს.
