თბილისი (GBC) - 2Q26-ში ლიბერთი ბანკის წმინდა მოგებამ ₾52.8 მლნ შეადგინა. 6 თვის ფინანსური შედეგების მიხედვით, ბანკმა ძირითად მიმართულებებში მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა:
- მთლიანი აქტივები: ₾6.3 მლრდ (ზრდა 15%);
- საკრედიტო პორტფელი: ₾4.6 მლრდ (ზრდა 15%);
- დეპოზიტების პორტფელი: ₾5 მლრდ (ზრდა 34%).
ბანკში განმარტავენ, რომ სოციალური სეგმენტიდან დივერსიფიცირებულ უნივერსალურ მოდელზე გადასვლის შედეგად, სოციალური სესხების წილი მთლიან პორტფელში 11%-მდე შემცირდა. ამასთან, ბოლო 5 წელში 4-ჯერ გაიზარდა MSME (მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის) პორტფელი და ₾1.85 მლრდ-ს მიაღწია.
პარალელურად, გაიზარდა ციფრული არხებით სარგებლობაც - ბოლო 1 წელში დისტანციური მომსახურების მომხმარებელთა რაოდენობა 12.6%-ით გაიზარდა და 1 მილიონს მიაღწია.
შეგახსენებთ, 2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. პირველი ნახევრის მონაცემებით, თავად ბაზისბანკის აქტივები ₾6.2 მლრდ-ს, საკრედიტო პორტფელი ₾3.7 მლრდ-ს, ხოლო დეპოზიტები ₾4 მლრდ-ს შეადგენს (წმინდა მოგება 44%-ით, ₾74 მლნ-მდე გაიზარდა).
ლიბერთი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60,000-ზე მეტ ბიზნესს ემსახურება. ბანკი ქვეყნის მასშტაბით 500-მდე მომსახურების ცენტრითა და 700-მდე ბანკომატით არის წარმოდგენილი.
