თბილისი (GBC) - ტრამპის ადმინისტრაცია ამზადებს აკრძალვას აშშ-ში ჩინური მონაცემთა ცენტრების კომპონენტების ახალი მოდელების იმპორტზე. ამის შესახებ Reuters საქმეში ჩახედულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

საუბარია ოპტიკურ ტრანსივერებზე, მოწყობილობებზე, რომლებიც მონაცემთა ცენტრების შიგნით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებით მონაცემების მაღალი სიჩქარით გადაცემას უზრუნველყოფს.

რეგულაციაზე ფედერალური კომუნიკაციების კომისია (FCC) მუშაობს და მიზნად ისახავს თავიდან აიცილოს ჩინური კომპანიების მხრიდან მონაცემების მოპარვა ან იმ ამერიკული ცენტრების მუშაობის შეფერხება, სადაც ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელების სწავლებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო ჩიპებია განთავსებული.

მკვლევრების შეფასებით, შეზღუდვები პირდაპირ დარტყმას მიაყენებს ჩინურ Zhongji Innolight-ს, რომელიც ამ ბაზრის 27%-იან წილს ფლობს და შემოსავლების 90%-ს ჩინეთის ფარგლებს გარეთ იღებს.

ამავდროულად, ჩინური კომპონენტების ჩანაცვლებამ შესაძლოა გაზარდოს ხარჯები ისეთი ამერიკული გიგანტებისთვის, როგორიცაა Amazon Web Services (AWS), ხოლო სარგებელი მოუტანოს ამერიკულ მწარმოებლებს - Coherent-სა და Lumentum-ს.

საპასუხოდ, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ პეკინი მოუწოდებს აშშ-ს შეწყვიტოს ჩინური კომპანიების დისკრედიტაცია და სანქციებით მუქარა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მიიღებს ყველა საჭირო ზომას საკუთარი ინტერესების დასაცავად.

ახალი შეზღუდვები გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომლის ფარგლებშიც FCC-მ „აკრძალული სიის“ (Covered List) მეშვეობით უკვე დაბლოკა ჩინური დრონების, როუტერების, რობოტებისა და ინვერტორების იმპორტი ეროვნული უსაფრთხოების რისკების მიზეზით.