თბილისი (GBC) - 2026 წლის იანვარ-აგვისტოში, აშშ-ის ღვინის მთლიანი იმპორტის 15.8%-იანი კლების ფონზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის იმპორტი 2.1%-ით გაიზარდა და $3.58 მილიონი შეადგინა. ამერიკული ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, საქართველო იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც აშშ-ის ბაზარზე პოზიციების გაუმჯობესება შეძლეს.
AAWE-ს სტატისტიკით, 2026 წლის პირველ რვა თვეში აშშ-ის ღვინის ჯამური იმპორტი $4,498 მილიონიდან $3,786 მილიონამდე შემცირდა. გლობალური კლების ძირითადი მიზეზი უმსხვილესი მომწოდებლები გახდნენ: საფრანგეთიდან იმპორტი $245.25 მილიონით (−13.8%), ხოლო იტალიიდან $240.34 მილიონით (−16.5%) შემცირდა.
მნიშვნელოვანი პროცენტული ვარდნა დაფიქსირდა სხვა წამყვან მწარმოებლებთანაც:
- ავსტრალია: −33.5% ($100.68 მლნ-მდე)
- ჩილე: −34.0% ($71.32 მლნ-მდე)
- არგენტინა: −25.2% ($98.62 მლნ-მდე)
- სამხრეთ აფრიკა: −33.1% ($15.99 მლნ-მდე)
TOP-30 მომწოდებელს შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა მოლდოვასა (−81.5%) და გაერთიანებულ სამეფოს (−79.8%) ჰქონდათ. შედარებით სტაბილურობა შეინარჩუნა ახალმა ზელანდიამ, სადაც კლებამ 5.3% შეადგინა ($302.44 მლნ).
საერთო უარყოფითი ტენდენციის ფონზე, ზრდა მხოლოდ რამდენიმე მცირე მომწოდებელმა აჩვენა. მათ შორის არიან ლიბანი (+23.4%), შვეიცარია (+11.8%), დომენიკელთა რესპუბლიკა (+6.2%), საქართველო (+2.1%) და სლოვენია (+2.1%).
შედეგად, აშშ-ის ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველომ რეიტინგში მე-16 ადგილი დაიკავა (წინა წლის მე-18 პოზიციიდან).
