თბილისი (GBC) – საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენითა და დაჩქარებული წესით (69 ხმით 8-ის წინააღმდეგ) მიიღო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ზურაბ ეზუგბაიას განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი სახელმწიფო კონტროლის გაძლიერება და ფალსიფიკაციისთვის სივრცის შემცირებაა.

მიღებული კანონის თანახმად, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებები ფართოვდება და კონტროლი პროდუქციის წარმოებიდან მაღაზიებსა და ბაზრებზე რეალიზაციამდე გავრცელდება. სააგენტო ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხს, ეტიკეტირების მოთხოვნებთან შესაბამისობასა და სერტიფიცირების პროცესს გააკონტროლებს.

აქამდე აღნიშნულ ფუნქციას სურსათის ეროვნული სააგენტო ასრულებდა, რომელსაც ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სასმელების უვნებლობის შემოწმების კომპეტენცია დარჩება.

უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი უფლებამოსილებების ასამოქმედებლად სააგენტოს მოსამზადებელი პერიოდი დასჭირდება.

საკანონმდებლო პაკეტი სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, სავალდებულო სერტიფიცირება გავრცელდება იმპორტირებულ სპირტიან სასმელებსა და იმპორტისთვის განკუთვნილ კონცენტრირებულ ყურძნის ტკბილზეც, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. კანონით ასევე განისაზღვრა სახელმწიფო ენოთეკის ცნება და მისი მართვის წესები, დაზუსტდა ბუნებრივი ღვინის წარმოებისას დასაშვები ოპერაციები, წყლის გამოყენების შეზღუდვები და ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის მოთხოვნები.

გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც სერტიფიცირების მიზნით ლოტთან შეუსაბამო ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის წარდგენისთვის ფინანსური სანქციები ხუთმაგდება. პირველ ჯერზე ჯარიმა 1 000 ლარის ნაცვლად 5 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო ერთი წლის განმავლობაში ქმედების განმეორების შემთხვევაში 2 000-ის ნაცვლად 10 000 ლარი გახდება.