თბილისი (GBC) – საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ინდუსტრიაში სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის მექანიზმები მნიშვნელოვნად იცვლება. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტით, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განსახილველად დარეგისტრირდა, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ბაზრის სრული ჯაჭვის – წარმოებიდან სარეალიზაციო ქსელში განთავსებამდე - კონტროლის მანდატი ენიჭება (სურსათის უვნებლობის ნაწილის გარდა).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიზანია სექტორში უფლებამოსილებათა მკაფიო გამიჯვნა, ადმინისტრაციული პროცესების ოპტიმიზაცია და ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება.
ერთიანი კონტროლი წარმოებიდან დახლამდე
მოქმედი კანონმდებლობით, ალკოჰოლიანი სასმელების კონტროლი ორ უწყებას შორის არის გადანაწილებული: წარმოებისა და გადამუშავების ეტაპს ღვინის ეროვნული სააგენტო ზედამხედველობს, ხოლო ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, სურსათის ეროვნული სააგენტო. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ეს ფუნქცია სრულად ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელში გადავა, რაც უწყების შეფასებით, ბაზარზე უწყვეტ და ეფექტიან ზედამხედველობას უზრუნველყოფს.
ახალი მანდატები: იმპორტის სერტიფიცირება და სახელმწიფო ენოთეკა
კანონპროექტი აფართოებს სააგენტოს ფუნქციებს როგორც აღრიცხვიანობის, ისე სერტიფიცირებისა და კულტურული მემკვიდრეობის მართვის მიმართულებით:
- ნაშთების აღრიცხვა და სერტიფიცირება: სააგენტო აღრიცხავს ღვინის კომპანიებში ალკოჰოლიანი სასმლის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისა და სპირტის მოძრაობასა და ნაშთებს. ამასთან, სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება არა მხოლოდ ადგილობრივი (შიდა და გარე ბაზრებისთვის განკუთვნილი), არამედ იმპორტირებული სპირტიანი სასმელი და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილიც (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იმპორტირებულ ტკბილს უკვე აქვს საქართველოში აღიარებული, შესაბამისი ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი).
- ეტიკეტირების კონტროლი: სააგენტო გააკონტროლებს საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტის შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან.
- სახელმწიფო ენოთეკა: სააგენტოს დაევალება სახელმწიფო ენოთეკის შექმნა, მართვა, ღვინის კოლექციის ფორმირება-შევსება, მონაცემთა სისტემატიზაცია და განკარგვა.
- ტერმინოლოგიის დაზუსტება: კანონში ზუსტდება ტერმინ „ბუნებრივი ღვინის“ განმარტება.
ხუთმაგდება ჯარიმები და მკაცრდება სანქციები
საკანონმდებლო პაკეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებსაც ითვალისწინებს, რაც ბიზნესოპერატორებისთვის ფინანსურ პასუხისმგებლობას ზრდის:
- ლოტთან შეუსაბამო ნიმუშის წარდგენა: სერტიფიცირების მიზნით შეუსაბამო ნიმუშის წარდგენისთვის ჯარიმა ხუთმაგდება და 1 000 ლარის ნაცვლად 5 000 ლარი იქნება. 1 წლის განმავლობაში ქმედების განმეორების შემთხვევაში კი სანქცია 10 000 ლარამდე (ნაცვლად 2 000 ლარისა) იზრდება.
- სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია: ადგილობრივ ბაზარზე სპირტიანი სასმლის შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე გაყიდვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი - 2 000 ლარით.
- ეტიკეტირების წესების დარღვევა: კანონთან შეუსაბამო ეტიკეტით ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ბაზარზე განთავსება 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებითი დარღვევა კი 1 000 ლარით.
- კონტროლში ხელის შეშლა: სააგენტოს უფლებამოსილი პირისთვის საქმიანობაში ხელის შეშლაზე ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო წლის განმავლობაში განმეორებისას 2 000 ლარი იქნება.
ვადები და ბიუჯეტი
ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის იმპორტირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის სერტიფიცირების რეგულაციები, 2026 წლის 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. 2027 წლის 1 მარტამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაზარზე კონტროლის განხორციელების წესი უნდა დაამტკიცოს, ხოლო 1 აპრილამდე მთავრობამ სახელმწიფო ენოთეკის ფუნქციონირების წესი უნდა მიიღოს.
გაზრდილი ფუნქციების შესასრულებლად ღვინის ეროვნული სააგენტო დამატებით 10 სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს. უწყების ბიუჯეტიდან და საკუთარი შემოსავლებიდან ამ მიმართულებით მომდევნო ოთხ წელიწადში ჯამში 4.45 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება:
- 2027 წელი: 960 800 ლარი
- 2028 წელი: 1 056 880 ლარი
- 2029 წელი: 1 162 568 ლარი
- 2030 წელი: 1 278 824.8 ლარი
