თბილისი (GBC) - მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს 3, 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებსა და საოჯახო სასტუმროებში ფასები 6.9%-ით გაძვირდა. 

ზრდა ყველაზე მაღალი იმერეთში, რაჭასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა, 15.1%, 13% და 12.8% შესაბამისად.

იმერეთში 4 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 250 ლარის ფარგლებში მერყეობდა, საოჯახო და 3 ვარსკვლავიანის კი 150 ლარის ფარგლებში.

რაჭის 3-4 ვარსკვლავიანების ფასი 250 ლარის ფარგლებში იყო, ხოლო საოჯახო სასტუმროებში კი ფასი 100-150 ლარამდე მერყეობდა.

რაც შეეხება სამეგრელო ზემო-სვანეთს, 4*-იანი სასტუმროების ფასი 300 ლარს სცდებოდა, 3*-იანის საშუალო ფასი 200 ლარი იყო, ხოლო საოჯახო სასტუმროებში კი საშუალო ფასი 100 ლარზე ოდნავ მეტი იყო. 

2026 წლის აგვისტოში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 134 ლარი შეადგინა, 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში - 203 ლარი, ხოლო 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში - 298 ლარი.

ამავე პერიოდში საქართველოში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 598 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა გურიაში - 1081 ლარი, კახეთში - 684 ლარი და თბილისში - 668 ლარი.

კვლევას PMCG აქვეყნებს. ანალიზში შედის booking.com-ზე რეგისტრირებული სტრატიფიცირებულად არჩეული 568 ერთეული 3, 4, 5 ვარსკვლავიანი და 371 საოჯახო ტიპის სასტუმრო. საშუალო ფასები გამოითვლება მიმდინარე თვეში ხელმისაწვდომი სასტუმროების საშუალებით.