თბილისი (GBC) – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში საკუთარი როლის დამკვიდრებას ცდილობს მას შემდეგ, რაც ის ევროპის სახელით მოქმედი მომლაპარაკებელთა გუნდის მიღმა დარჩა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გასულ კვირას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ დუბლინში განაცხადა, რომ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ევროპულ გუნდს საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები დააკომპლექტებდნენ. აღნიშნულ შემადგენლობაში კაია კალასი არ მოხვდა.

ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებების თანახმად, ბლოკის მთავარი დიპლომატი სწორედ ის არის და მზად არის მოლაპარაკებების პროცესში ჩასართავად. მისი პოზიცია გაიზიარეს ესპანეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ევროპას ერთიანი ხმა და მკაფიო მანდატი სჭირდება.

Politico-ს წყაროების ცნობით, კალასის გუნდის მიღმა დატოვებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი მხრივ, დიპლომატები მიუთითებენ მის კრიტიკულ დამოკიდებულებაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, მეორე მხრივ კი, გლობალურ ტენდენციაზე, რომლის მიხედვითაც საგარეო პოლიტიკურ საკითხებს სულ უფრო ხშირად უშუალოდ ქვეყნის ლიდერები და მათი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები წყვეტენ, ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრებისა. ამის მაგალითად მოჰყავთ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის არყოფნაც.

მიუხედავად ამისა, კაია კალასი კულუარულად მუშაობს ევროპელი მომლაპარაკებლების მანდატისა და ე.წ. „წითელი ხაზების“ განსაზღვრაზე. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე მოამზადეს რუსეთის მიმართ მაქსიმალური მოთხოვნების დოკუმენტი, რომლის დახვეწაც აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდამდე გაგრძელდება.

გამოცემა ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე საგარეო პოლიტიკის კონტროლის გამო. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, უკრაინის მიმართულების გარდა, ფაქტობრივად გადაიბარა ევროკავშირ-ისრაელის ურთიერთობების მართვაც, ხოლო საფრანგეთი და გერმანია კალასის უწყების - ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროკომისიასთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციას განიხილავენ.

ამ ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას ამერიკელმა წარმომადგენლებმა რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში ევროპელების ჩართვის მზაობაზე ისაუბრეს, კრემლში ორშაბათს განაცხადეს, რომ მსგავსი შეთანხმება მიღწეული არ არის.