თბილისი (GBC) – სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 20 ივნისს ანკარაში თურქეთის ლიდერის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით ჩადის. ეს ისტორიული ვიზიტია, რადგან სომხეთის პრემიერ–მინისტრი ასეთ დონეზე პირველად ესტუმრება მეზობელ სახელმწიფოს. 

სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანი ერდოღანთან სომხეთ–აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ადგილის საკითხს განიხილავს: პირველი ვარიანტია – ვაშინგტონი (მიმდინარე წლის სექტემბერში), მეორე – არაბთა გაერთიანებული საამიროები (შესაძლოა, დეკემბერში).

ერევანი აზერბაიჯანთან შესაძლო ახალი ომის ალბათობას „მინიმალურს“ უწოდებს.

1991 წელს, სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. თუმცა, 1993 წელს, ყარაბაღის პირველი ომის მიმდინარეობისას, ანკარამ ერევანთან ურთიერთობები გაწყვიტა.

მას შემდეგ მხარეებს არ ჰქონიათ დიპლომატიური და კომერციული კავშირები.

ყარაბაღის მეორე ომის (2020 წელს) დასრულების შემდეგ, 2021 წელს, ანკარამ და ერევანმა ურთიერთობების ნორმალიზება დაიწყეს, დაგეგმილია ორ ქვეყანას შორის საზღვრის გახსნაც.