თბილისი (GBC) – ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი, მისი დაცვის რამდენიმე წევრი და თანამშრომლები, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი მოჰამად ბაგერი, გაერთიანებული შტაბის სარდალი გენერალი გოლამალი რაშიდი, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და ისლამური უნივერსიტეტის რექტორი აზად მოჰამად სეზდი ტეზრანჩი – ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წუხელ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის დარტყმებს ემსხვერპლნენ.
ისრაელმა სპეცოპერაცია „ამ კელავი“ (ლომივით ხალხი) 13 ივნისის ღამით დაიწყო. ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დარტყმები ირანის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების „გულში“ მიიტანეს. მისივე თქმით, განადგურებულია ურანის გამამდიდრებელი საკვანძო საწარმო. ნეთანიაჰუმ ისრაელის ქმედებებს „აუცილებელი და დროული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ირანს რამდენიმე კვირა სჭირდებოდა ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ისრაელის ლიდერმა დააზუსტა, რომ იერიშები განხორციელდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, არამედ ბირთვულ ფიზიკის სპეციალისტებზე, რომლებიც „ბომბის შექმნაზე მუშაობდნენ“.
ამის შემდეგ ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ათეულობით საბრძოლო დრონის გაშვების შესახებ.
მომხდარზე საერთაშორისო გამოხმაურებას რაც შეეხება, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები დაგმო და მხარეებს მაქსიმალური თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდა.
აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ იცოდა ისრაელის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის შესახებ და ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.
„ირანს არ შეიძლება ბირთვული ბომბი ჰქონდეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ. ხელმძღვანელობაში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ხამენეიმ ქვეყნის მოსახლეობისადმი მიმართვაში ისრაელის დარტყმებს უმძიმესი დანაშაული უწოდა და შურისძიებით დაიმუქრა. მან აღიარა, რომ იერიშის შედეგად „რამდენიმე მეთაური და მეცნიერი მოწამებრივად დაიღუპა“. „ისრაელმა მწარე და საშინელი ბედი მოიმზადა და ის ამას აუცილებლად მიიღებს“, – თქვა ხამენეიმ.
მომხდარს ირანის მეფის მემკვიდრე, პრინცი რეზა ფეჰლევიც გამოეხმაურა და შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:
"ჩემო თანამემამულენო,
ალი ხამენეიმ — ისლამური რესპუბლიკის ირანთმოძულე რეჟიმის გიჟმა ლიდერმა — კიდევ ერთხელ ჩაითრია ჩვენი ირანი ომში; ომში, რომელიც არ არის ირანსა და ირანელ ხალხის, არამედ არის ისლამურ რესპუბლიკასა და ხამენეის. ჩემი გზავნილი არმიის, პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებისკენ ნათელია: ეს რეჟიმი და მისი კორუმპირებული და არაკომპეტენტური ლიდერები არც თქვენს სიცოცხლეს და არც ჩვენს ირანს აფასებენ. დატოვეთ მათი რიგები და შემოუერთდით ხალხს. ირანელი ერის ბრძოლა ამ დამანგრეველი რეჟიმის წინააღმდეგ არის ბრძოლა ირანის დასაბრუნებლად და მის ხელახლა ასაშენებლად. გზა გადის ისლამური რესპუბლიკის დამხობაზე ქუჩის პროტესტებითა და მასობრივი გაფიცვებით. მე თქვენთან ვარ ამ რთულ მომენტში. ჩვენ ერთად ვიბრძვით და აუცილებლად გავიმარჯვებთ".
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანზე თავდასხმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.