თბილისი (GBC) – 150–ზე მეტმა ირანულმა დრონმა გადაკვეთა ერაყის საჰაერო საზღვარი, ისრაელის მიმართულებით, საპასუხო დარტყმის მისაყენებლად. ამის შესახებ ერაყული საინფორმაციო პორტალი Shafaq News წერს. 

სააგენტო ერაყის უსაფრთხოების ძალებში ერთ–ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები დიალას დასახლებასთან შენიშნეს, რომელიც ირანს ესაზღვრება. ანონიმურმა წყარომ დასძინა, რომ იმავე პროვინციაში რაკეტის ნამსხვრევების აღმოაჩინეს, რომლებიც ისრაელის მიერ ირანზე ღამით განხორციელებული თავდასხმის დროს ჩამოვარდა.

The Times of Israel წერს, რომ ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები ირანიდან გაშვებული უპილოტოების ჩამოყრას შეუდგნენ. ერთ–ერთი სამხედრო მაღალჩინოსანი ამბობს, რომ დრონებს ისრაელის საზღვრამდე არ უშვებენ და მის მიღმა ანადგურებენ.

ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მეთაური ხოსეინ სალამი, მისი დაცვის რამდენიმე წევრი და თანამშრომლები, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი მოხამად ბაგერი, გაერთიანებული შტაბის სარდალი გენერალი გოლამალი რაშიდი, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და ისლამური უნივერსიტეტის რექტორი აზად მოხამად სეზდი ტეზრანჩი – ეს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წუხელ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის დარტყმებს ემსხვერპლნენ.

ისრაელმა სპეცოპერაცია „ამ კელავი“ (ლომივით ხალხი) 13 ივნისის ღამით დაიწყო. ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ დარტყმები ირანის ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების „გულში“ მიიტანეს. მისივე თქმით, განადგურებულია ურანის გამამდიდრებელი საკვანძო  საწარმო. ნეთანიაჰუმ ისრაელის ქმედებებს „აუცილებელი და დროული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ირანს რამდენიმე კვირა სჭირდებოდა ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ისრაელის ლიდერმა დააზუსტა, რომ იერიშები განხორციელდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, არამედ ბირთვულ ფიზიკის სპეციალისტებზე, რომლებიც „ბომბის შემნაზე მუშაობდნენ“.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანზე თავდასხმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.