თბილისი (GBC) - რუსული მედია რუსეთის ამურის ოლქის სამოქალაქო თავდაცვის ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ „An-24“ ტიპის თვითმფრინავის ნამსხვრევები ტინდადან 16 კილომეტრში, მთის ფერდობზე იპოვეს.

„ძებნის დროს „როსავიაციის“ „Mi-8“ ტიპის ვერტმფრენმა თვითმფრინავის ფიუზელაჟი აღმოაჩინა, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ინციდენტის ადგილზე მაშველები მუშაობენ“, - აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ამურის რეგიონში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ექვსი წევრი და 43 მგზავრი, მათ შორის ხუთი ბავშვი.

თვითმფრინავი ბლაგოვეშენსკიდან ტინდაში მიფრინავდა, როდესაც ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა.

ამურის ოლქის ხელმძღვანელი ვასილი ორლოვი აცხადებს, რომ რაიონში ცუდი ამინდია, რის გამოც რეისი შეყოვნებით გაფრინდა. სამგზავრო თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი მი-2.