თბილისი (GBC) – პოპულარული სათამაშოების Labubu მწარმოებელი ჩინური კომპანიის Pop Mart საბაზრო ღირებულებამ რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ კაპიტალიზაციას გაუსწრო. ამის შესახებ „ბიზნეს Online“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 22 ივლისის მდგომარეობით, ჩინური რითეილერის აქციების ჯამურმა ღირებულებამ $42 მლრდ შეადგინა. ამ პერიოდისთვის რუსული ენერგოგიგანტის კაპიტალიზაცია $38,77 მლრდ–ს შეადგენდა. ამრიგად, გლობალურ რეიტინგში Pop Mart–მა „გაზპრომს“ 49 პოზიციით გაუსწრო.
Labubu ელფების მსგავსი არსებაა, რომელიც ჰონკონგელმა მხატვარმა ლუნ კასინმა შექმნა 2015 წელს. ესენია პატარა ფუმფულა მონსტრები, დამახასიათებელი ნაკვთებით, დიდი თვალებით, წვეტიანი ყურებით და ცხრა კბილით. ამ სათამაშოებმა პოპულარობა შარშან მოიპოვა, მას შემდეგ, რაც ქალის ჩანთაზე აქსესუარად დაიწყეს მისი გამოყენება.