თბილისი (GBC) – ევროკავშირში მზის ენერგია პირველად გახდა ელექტროენერგიის ყველაზე დიდი გენერატორი და ბირთვულ და ქარის ენერგიას გადაასწრო. შესაბამის მონაცემებს ენერგეტიკული კვლევითი ცენტრი Ember ავრცელებს.
ივნისში ევროკავშირში ელექტროენერგიის 22.1% მზის პანელების მეშვეობით იქნა გამომუშავებული. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია წინა წელთან შედარებით, როცა მზის ენერგიის წილი მთლიანი გენერაციის 18.9%–ს შეადგენდა.
გენერაციის ზრდა განპირობებულია როგორც მზის ელექტროსადგურების აქტიური განვითარებით, ისე განსაკუთრებით მზიანი და ცხელი ამინდებით, რომლებიც ივნისის ბოლოს მთელ კონტინენტზე დაფიქსირდა. შედეგად, მზის გენერაციამ მიაღწია 45.4 ტერავატსაათს, რაც აბსოლუტური რეკორდია.
შედარებისთვის, ამავე პერიოდში მთლიან გენერაციაში ბირთვული ენერგიის წილი იყო 21.8%,
ქარის ენერგიის — 15.8%, ხოლო ქვანახშირის წილი ისტორიულ მინიმუმზე დაეცა.
მინიმუმ 13 წევრ ქვეყანაში ივნისის თვეში დაფიქსირდა მზის გენერაციის მაქსიმუმი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მზის ენერგიის მზარდ სტრატეგიულ როლს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.
ექსპერტების შეფასებით, მზის ენერგიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ენერგოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში — განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა კონტინენტი ექსტრემალური სიცხეების ფონზე ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას აწყდებოდა.
Ember-ის ანგარიში აჩვენებს, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები, განსაკუთრებით კი მზის ენერგია, უკვე არა მხოლოდ ალტერნატივაა, არამედ ენერგეტიკული ბირთვია ევროპის მომავლისთვის.